გარდა ტორსის და თავისა – მეომარს დაცული ქონდა კიდურებიც, რომელიც ცალკე ელემენტებს/ნაკეთობას წარმოადგენდა:
სამკლავე – (სულხან–საბა: „ხელნავი – საომარი სამკლავე“). „სამკლავე“ ერქვა ხევსურული ჯავშნის ნაწილსაც, რომელიც იდაყვიდან მაჯამდე ფარავდა მკლავს. სამკლავე შედგება ორი ნაწილისაგან: 1. სამკლავე, 2. სამაჯური. ესენი ერთმანეთთან დაკავშირებულია `ჭიკუთი~ (გირგოლები _ პატარა რგოლები). სამკლავეს აქვს ღვედები, რითაც იგი მკლავზე მაგრდება.
საფუხარი – ხელის მტევნის დასაფარი ჯაჭვის თათმანი (საფუხარი – ხელსაცვამი). საბრძოლო ხელთათმანის გარეთა მხარე ჯაჭვით იყო დაფარული, შიდა კი – ქსოვილით გამოკრული.
სამუხლე და საბარკული - სხეულის ქვედა ნაწილის დასაცავად გამოყენებული იყო სამუხლე და საბარკული.
სამუხლე პოლოტიკი, რომელსაც “საყირმუზა“ (სულხან–საბა: „საყირმურზა – სამუხლე პოლოტიკი“) ეწოდებოდა, მუხლის დასაფარი ნაწილია. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლოტიკი მთლიან რკინას ჰქვია, აღმოჩნდება, რომ მეომრები მუხლის დასაფარად ერთიან სამუხლეს ხმარობდნენ. სამუხლეს იყენებდნენ აგრეთვე სვანები, რომლებსაც ლექვთილიარ ერქვა.
საბარკული გვხვდება ვეფხისტყაოსანსა და შაჰნავაზიანში. როგორც თვით ტერმინიდანაც ჩანს, საბარკული ბარკლის საფარ ნაწილს უნდა რქმეოდა.
დაახლოებით ამავე დანიშნულების ელემენტს შეიცავს ხევსურული აბჯარი, რომელსაც საჩერნე ეწოდება. იგი ნაწარმოებია სიტყვისგან ჩერანი (ხევსურულად წვივის ძვალი). საჩერნე მეომრის წვივს ფარავდა, მოდიოდა თეძოდან და კოჭამდე გრძელდებოდა, ჯაჭვისგან იყო მოქსოვილი და გადაკერებული იყო შარვალზე.