ხევსურული ტალავარიძველ ხევსურულ ტანსაცმელს ,,ტალავარი” ეწოდება. ასეთი ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალისაგან) იკერებოდა, რომელსაც ხევსური ქალები თვითონ ამზადებენ. ტალავარის შეკერვა და მორთვა თითქმის ყველამ იცოდა, ამაში ქალებს პატარაობიდანვე ავარჯიშებდნენ. ხევსურული ტალავარის შეკერვა ძნელი არ არის, რადგან მისი ფორმა უცვლელია და დიდსა და პატარას ერთნაირი ტალავარი აცვია. ტალავარი იკერება ხელით, რადგან მის დასამზადებლად საჭირო ტოლი უხეშია და მანქანით მისი კერვა ძნელია. ამიტომ მანქანით მხოლოდ ბამბის ქსოვილს კერავენ, ტალავარი კი ხელით იკერება.
ქალის ტალავარი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან, ესენია: შალის გრძელი კაბა - „სადიაცო“, ზემოდან შემოსაცმელი შალისავე „ფაფანაგი“ ან მოკლესახელოებიანი „ქოქლო“. ხევსური ქალის თავსაბურავია „სათაურა“ და „მანდილი“, ფეხსამოსი კი - „თათები“ ან ქალამან-წინდა და „ბაჭიჭები“.
სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: „მხარ-ზურგი“ და „გულისპირი“. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ეკერება ბრტყელი და ზოლიანი არშია, რომელსაც ეწოდება „ქოქომონი“. „ქოქომონის“ ფერები გარკვეული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ წითელი და ლურჯი. კაბის ყელთან სამკუთხედის ფორმის პატარა ამოჭრილია, რომელზეც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე.წ. „ქოქა“.
ქოქა
ხევსური ქალის კაბა ორგვარია: „გლუ“ და „კალთამოკერებული“.
კალთამოკერებულს „თიკვ-ჩოფასაც“ უწოდებენ. მას უბის ქვემოთ ოთხკუთხა ფერადი ნაჭრები აქვს გამოკერებული. სადიაცოს ამარა გარეთ გასვლა ძველად დიდი სირცხვილი იყო.
კალთამოკერებული სადიაცო
კაბის ზემოდან შემოსაცმელი, შალის ზედა სამოსელი „ქოქლო“, რომელსაც ჩოხის მოყვანილობა აქვს, შედგება „წინა კალთების“, „ზურგნის“ და „აზღოტებისაგან“. „ქოქლოს“ ეკერებოდა მაღალი საყელო და ქვემოდან შეხსნილი მოკლე სახელოები. ქოქლოს თავისებურება ისაა, რომ მისი წელი ჩვეულებრივზე მაღლაა და გვერდებიც შეხსნილია.
ქოქლო
ქოქლოზე უფრო ძველია „ფაფანაგი“, რომელსაც დღეს მარტო სადღესასწაულოდ, სახატოდ იცვამენ. ისიც ქოქლოს მსგავსია, მაგრამ აქვს განსხვავებული ნიშნებიც: მას უფრო გრძელი სახელოები აქვს და გვერდის კალთა ფარაგის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. შემდგომ ქოქლოს გვერდით ჩნდება „ქათიბი“. ისიც ქოქლოს მსგავსია, ოღონდ ფაბრიკული ქსოვილისაგან მზადდება.
ხევსური ქალები ზამთარში სამოსად ტყავებსაც ხმარობდნენ და ამისათვის შინაური ცხოველების - თხის, ცხვრისა და ძროხის - ტყავს იყენებდნენ. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმაროდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ეფინა ოთხკუთხა დიდი საყელო.
სათაურა
მანდილი
ხევსური ქალის თავსაბურავი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: „სათაურასა“ და „მანდილისაგან“. მოკლედ შეჭრილ და შუბლზე ჩამოყრილ ყვითლად შეღებილ თმაზე (ადრე ხევსურ ქალებსაც გრძელი თმა ჰქონდათ. ორად განაწილებულ ნაწნავებს - „ნაჭაპნებს“ - შუბლზე ჯვარედინად გადაიგრეხდნენ და ბოლოებს ჩაიმაგრებდნენ. ამით შუბლზედაც ჯვარს ისახავდნენ) ჯერ სათაურას დაიდგამდნენ, შემდეგ მის ზემოდან გრძელსა და ვიწრო მანდილს შემოიკრავდნენ. სათაურას ერთნაირად ხმარობდა გათხოვილი და გაუთხოვარი, მანდილს კი მხოლოდ გათხოვილი ქალი ხმარობდა.
ხევსურეთში ისევე, როგორც ძველ საქართველოში, ქალისათვის თავსაფრის ახდა შეურაცხყოფად მიაჩნდათ. მანდილი ქალის სინდის-ნამუსის სიმბოლოს წარმოადგენდა. საკმარისი იყო, ქალს მანდილი მოეხადა და მოჩხუბართა შორის ჩაეგდო, რომ ისინი დაზავებულიყვნენ.
ხევსურეთში ფეხსამოსად ხმარობდნენ ყელიანი წინდის ფორმის, ძირზე ტყავგამოკრულ „თაუბს“ და ტყავის ქალამნებს. ქალები ფეხზე წინდებთან ერთად ნაქსოვ „ბაჭიჭებსაც“ იცმევდნენ.
ხევსური ქალის სამოსელი უხვადაა შემკული ნაქარგით. ნაქარგისათვის იყენებდნენ აბრეშუმის, შალის ან ბამბის ძაფებს, ასევე ვერცხლის სამკაულებს, მონეტებს, ფერადი ნაჭრების აპლიკაციებს. ნაქარგის ძირითადი მოტივია ჯვარი.
ქალის ტალავარი ერთი თვის განმავლობაში იკერება და მას 10 მ. ტოლი სჭირდება. ტალავარს ხევსური ქალი ყოველ წელიწადს იმზადებს. ტალავარი 2 წელიწადს ძლებს. შეძლებულ ხევსურ ქალს ოცამდე ტალავარი ჰქონდა.
რაც შეეხება მამაკაცის ტალავარს, იგი შედგება პერანგისგან, რომელიც შავი ტოლისაგან იკერება. მისი ყელი ამოღებულია, კალთის გვერდები კი - ჩაჭრილი. მას ,,სამხედროს” უწოდებენ.
სამხედროს ნაპირს შემოვლებული აქვს დაკბილული ფერადი შალის არშია. პერანგის საბეჭდური საგანგებოდ იკერებოდა და მამაკაცის პერანგის მთელი სილამაზე ,,ნაჭრელას” მიხედვით ფასდებოდა. ნაჭრელა ორი სახის იყო: აბრეშუმის ნაჭრელა და ნაჭრის ნაჭრელა. აბრეშუმის ნაჭრელა უფრო ლამაზია, მაგრამ მისი დამზადება უფრო ძნელია და უფრო ძვირადაც ფასობს. აბრეშუმის საბეჭდური ტილოზე იკერება. ამისათვის საბეჭდურზე ტილოს დაადებენ და ზედ ნაჭრელას კონტურებს შემობლანდავენ. შემდეგ იღებენ წმინდა ნემსსა და ფერად აბრეშუმის ძაფს და შეუდგებიან საბეჭდურის მოქარგვას. გამოჰყავთ გეომეტრიული ფიგურები, ჯვრები და ა. შ. ყველაფერი ეს დიდ დროსა და შრომას მოითხოვს და სწორედ ამიტომაც ძვირად ფასობს.
პერანგზე კაცები ჩოხას იცვამენ, რომელიც შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერება. ჩოხის გული ამოღებულია, რომ პერანგის საბეჭდური კარგად გამოჩნდეს. ის წელში გამოყვანილია და უკან ასხმული აქვს ნაოჭები, რომელსაც ,,აზღოტს” უწოდებენ.
ქვეშ იცვამენ ტოლის შარვალს. მოხუცებს კი აცვიათ ტოტ-განიერი ,,მუქასარიანი” შარვალი. მუქასარს ახალგაზრდები არ იცვამენ. გრძელ და ჩატანებულ შარვალზე ისინი პაჭიჭებს იკეთებენ. პაჭიჭები ტოლისაგან იკერება და ორივე მხარე დაჭრელებულია ფერადი ფიგურებით. პაჭიჭს მუხლის თავზე ,,საწვივეთი” იკრავენ. ფეხზე აცვიათ წინდა და ყელიანი ქალამანი ,,ხუნჩა”. თავზე იხურევენ მრგვალ ნაბდის ქუდს. წელზე არტყიათ ქამარ-ხანჯალი.
მამაკაცს ტალავარს ქალები ყოველწლიურად უკერავდნენ. ხევსურული ტალავრის დამზადება ბევრ მატყლსა და მძიმე შრომას მოითხოვს, განსაკუთრებით კი მამაკაცის ტალავარი, ტალავარს ორ თვეში ერთხელ რეცხავდნენ უსაპნო და ცივი წყლით.
საზოგადოდ ხევსურულ ნაქსოვ-ნაჭრელას ახასიათებს ღია ფერების სიჭარბე და ჯვრებისა და გეომეტრიული სახეების სხვადასხვაგვარი კომპოზიციები. ჯვრის ეს ელემენტები ხევსურულ ტალავარზე გადასულია ვერცხლის შიბებიდან, რომლებიც ჯვრებითაა შემკული. ჯვარი, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო და ბოროტების დამთრგუნველი ნიშანი ჩვენში ყოველთვის იყო გავრცელებული და ცრუმორწმუნე ხევსურიც კი იკერებდა ჯვრებს თავის ტალავარზე.